დაკარგული რეალობის ძიებაში

განსაკუთრებით რთულია, ღმერთო ჩემო, დაწერო რამე და ნამდვილი იყოს. როცა სხვები საქართველოს აწმყოზე ფიქრობენ ან მოსალოდნელ დაძაბულობაზე, რომელსაც ცხოვრება სადაცაა მოიტანს და რომელიც უკვე გუმანის დონეზე შეიგრძნობა, მე მხოლოდ სიმართლეზე ვფიქრობ. სიმართლეზე ვფიქრობ ყველგან, ყოველთვის, ნებისმიერი საქმიანობის დროს, განურჩევლად ყველა სიტუაციაში. ვუსმენ სიტყვებს, ვუყურებ სახეებს, ვგრძნობ გამოხედვებს, ქცევებს და ნამდვილი და არანამდვილი ხალხის კატეგორებს ვავსებ. (ყალბი მეტისმეტად კატეგორიული სიტყვაა და არ ვიყენებ. შეიძლება, უბრალოდ, არავის ვიმეტებდე ამ სიტყვისთვის, თუმცა ამ ლოგიკით რომ წავიდეთ, არც რადიკალურად ნამდვილი იარსებებს და მისი გამოყენება ჩემ მიერ მხოლოდ ჩემი იდეალიზმისკენ მიდრეკილი ბუნებით შეიძლება აიხსნას). გასაკვირი არ არის, რომ ძირითადად კმაყოფილი არ ვარ. სინამდვილე მაღალი სტანდარტია, ირიბ გამოხედვაშიც იგრძნობა. საუბრისას პოეტობას მოვრჩი.(იხ. წინა წინადადება). არ მაინტერესებს ხალხი, ვინც ორ და მეტ ეპითეტს იყენებს ერთის ნაცვლად, მაშინ, როცა შეიძლება უეპითეტოდაც ითქვას სათქმელი. წიგნები დაიყო იგივე კატეგორიებად-ნამდვილ და არანამდვილ. არანამდვილები დასაწვავია, ნამდვილები-იყოს.
ველოდები იმ მომენტს, როცა ამბავს მოვყვები. სიტყვები მაქვს, შემიძლია ბევრი ეპითეტიც გამოვიყენო, მაგრამ ჩემი სტანდარტი უფრო ჭირვეულია, ანუ, როგორც ვთქვი, ველოდები. რას ველოდები, ზუსტად არ ვიცი.
ცხოვრება არც ისეთი ნათელია, ეს- ახლა და არც არასდროს იქნება, ისე. სულელი უნდა იყო, რომ ნათელი იყოს, ან სულელის უკიდურესობა. 8aa4898a9beef5dbbeac8863484428f6

აბსოლუტური ცოდნა ჩემთვის შორია, სულელისთვის- უფრო შორი. ჩვენ ცხოვრება ესთეტიკად უნდა ვაქციოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს პოეტობას, ეპითეტებს. ეს არის ესთეტიკურად ზუსტად ყოფნა და სიზუსტის, ანუ სინამდვილის ესთეტიკა.
საკმარისია, დაუბრუნდით საკუთარ რეალობას:)

Advertisements

ხუშტური, ხულიგანი, ხუნდი, ხურდა, ხუმარა

– კი, წავიდოდი კოსმოსში. ძალიან მინდა. ძალიან. (იღიმის. პაუზა)აი, კოსმოსში რომ იქნები ნამყოფი, მერე აქაურობას ისე შეხედავ, რააა, აიი, თითქოს ცოტა ვერ ხარ, შეშლილივით.

-შენ კიდევ ეს გინდა?

-რატომ?

-ისედაც დარტყმული ხარ. (ღიმილი)

(საპასუხო ღიმილიც. დაბნევა)

დარტყმული.

პაუზა.

– მგონი საუზმობა ძალიან გაგეწელა. (საუბარი გადააქვს სხვა თემაზე, ცა არის ცისფერი და მისი თვალები მკვედრად ვერ ხედავენ  ამას.

სუსტი მხედველობის გამო)

კარგი. იყოს დარტყმული.

-მაინც, რას ნიშნავს დარტყმული? რას გულისხმობ ანუ, დარტყმულს რო ამბობ? ხო ხვდები, ანუ, რო ამბობ დარტყმულიო, რა შინაარსს დებ?

-შენი ხუშტურები გაქვს, რა.

-ჰო, ხუშტურები. სამაგიეროდ საინტერესოა. ჩემნაირი ხალხი მომწონს.

– ნუ, რა ვქნათ ახლა თუ არ ვართ შენი მოსაწონი.

სიმყაყის, გაცვეთილობის და კიდევ იმის შეგრძნება, როგორი ეგოისტია ადამიანი და როგორ უნდა სასურველი იყოს.

– აი, ეგეთი თუ არაა ტიპი ვერ დაველაპარაკები, რა. არ არიან ჩემთვის საინტერესო ადამიანები ხუშტურების გარეშე.

-თავისი ხუშტურები ყველას აქვს ახლა.

ხარვეზი.

სურვილი, საინტერესო იყოს. სურდეთ.

ისევ. გამუდმებით.ყოველთვის. ყველგან.სულ.

-ააჰ? მართლა? ანუ შენც დარტყმული გამოდიხარ? ხო თქვი დარტყმული ხუშტურიანიაო. ჰოდა, ხუშტურები ყველას გვაიქვსო მერე. საკუთარ თავს ეწინააღმდეგები?

კრთომა.

– არ ვეწინააღმდეგები.

 

წიწიბურას მორჩა. ბეჯითად იცავს დიეტას. სილამაზე უნდა- რისთვის?

წიწიბურა მოიტანს სილამაზეს და წაიღებს ხუშტურებს.

მდაბიო დღე. უინტერესო საუბარი. ჭიქა ყავა.

 

 

 

 

 

 

 

მთელი დილა მანქანას უჩიჩინა ტაკეომ, შავი მასით გათხაპნული ტანსაცმლითვე შეხტა მერე და დაგაზა. ათი ბოთლი კოკა-კოლის პატარა ქილა დავცალე მის ლოდინში. ფანჯრის რაფაზე თავი მედო ბურანში მყოფს, რომ მისი მანქანის ხმა გავიგე. ღამის სამი იყო. ოთახში ანთებული შუქის გამო ამომხედა და ვა, ღამურა, პრივეტო. მერე ნახევრად ღია კარში შევარდა და მოიჯახუნა. პრივეტ-მეთქი, ტაკეო, ჩავიჩურჩულე და საწოლზე გავიშხლართე.

დილები, ზოგადად, მიყვარს. ახალი ფურცელივითაა, რაც გინდა, ის დაწერე, მაგრამ იმ დილას ტაკეო გამოჩლახუნდა ეზოში და დედამისს რაღაც გაურკვეველი შინაარსის სიტყვები გასძახა და სუფთა ფურცელზეც „ასს-შშ-სს“-ს მსგავსი ბგერები გამოისახა. რა ცხოვრებაა, საკუთარ დილას სხვა იწყებს, მერეც სხვის ლოდინში აღამებ და ერთადერთი მშვენიერი, რაც ხდება კოკა-კოლის გამუდმებული სმაა-მეთქი, გავიფიქრე.

მერე წამოვხტი, იქვე მდებარე  პატარა მაღაზიას მივაკითხე, რომ რძე, კარაქი და დილის ხარა-ხურა შემეძინა.დედა და მე აქ ერთი თვის წინ გადმოვსახლდით.  მანამდე სამასი კილომეტრით დაშორებულ ქალაქში ვცოვრობდით, უფრო მანამდე სხვა ქვეყანაში, ბევრი რამე არც მახსოვს კარგად. ცხელი ჩაის ჭიქით და ბუტერბროდით ვიდექი ფანჯარასთან და ტაკეოს და დედამისს ვუყურებდი. მათ ერთი კვირის წინ იქირავეს სახლი. ნივთების დალაგება ჯერაც არ ჰქონდათ დამთავრებული.  ახლაც გულითადად ბჭოდნენ, დილაადრიან ტაკეოს მიერ საიდანღაც მოთრეული უზარმაზარი საწოლი სად უნდა დაედგათ. მანამდე კი ეს საწოლი,შუაგულ ეზოში, მზის ქვეშ იდო და ირხუკებოდა.

არ ვიცოდი, მთელი ზაფხული რა უნდა მექნა. რაც წიგნები მქონდა, წინა ზაფხულს წავიკითხე. მთელს სოფელში ინტერნეტთან წვდომა არ იყო,ამიტომ ამ გზით დროის გაყვანის შანსიც გამოირიცხა, ზოგჯერ მთელი დღეები მდინარის ნაპირს დავუყვებოდი და ბაყაყებს ვკლავდი. ალბათ, მილიონი ბაყაყის სიცოცხლე მაწევს მხრებზე,თუმცა არ მგონია ბაყაყების დახოცვის გამო ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. თუ ტაკეოსთან  ლაპარაკი გადავწყვიტე, ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ. დედამ კი მითხრა, უკვე იმ ასაკში ხარ, რომ ბიჭებთან გონივრულად მოქცევა გმართებსო, ანუ რას გულისხმობ-მეთქი,რომ ვკითხე,რას და აქ რომ ბიჭია,მაგას უფრთხილდი, მარტო არ დარჩე მასთან შინო. თვითონ კი აკითხავდნენ ვიღაც წვერიანები და მგონი თავისი საქციელიც არ იყო გონივრული, მაგრამ  მაინც ასე მითხრა,მას მერე ტაკეოს არც მივსალმებივარ, უბრალოდ ვუყურებდი. მას უყვარდა დედამისი და თავისი მანქანა,რადგან დედას  ხშირად კოცნიდა შუბლზე, მანქანას კი აქერცლილ ზედაპირზე უსვამდა ხელს და ამბობდა, ამქვეყნად ყველაზე ქაჯი გოგო ხარ, ვგიჟდები შენზე, მიდი, შენებურად დაგაზეო.

ეს იყო შორეულ დროს, ჩემს ბავშვობაში.

მას მერე სხვა კონტინენტზე გადმოვსახლდი, წყნარ, ევროპულ ქალაქში, სადაც ძირითადად წვიმდა და სადაც ადამიანის არსებობაზე შექმნილი შრომების კითხვაში ვათენებდი. დედაჩემი ვიღაც ტიპს გაჰყვა, ჰავაიდან. მოფლაშულ ტანისამოსს რომ ატარებდა და სამყაროს და თავის მჭიდრო სულიერ კავშირზე ლაპარაკით ტვინი მიჰქონდა. თვეში ერთხელ მირეკავდა.  ამაზე პრეტენზია არასდროს გამომითქვამს.

მე ლუკას შევხვდი, როცა მეორე კურსზე გადავედი. გამუდმებით მოტოციკლეტს დააქროლებდა.თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდით ერთმანეთთან, ძილივით აუცილებელი და ნორმალური იყო, რომ მისი დაბუშტული და ხშირად დახეთქილი, წითელი ტუჩებისთვის მეყურებინა და მეგრძნო. ალბათ შეუსაბამო სიტყვაა ურთიერთობებისთვის, მაგრამ ეს ,უბრალოდ, კომფორტული იყო, აბაზანიდან გამოსვლისას დაუდევრად მოხვეული ხალათივით.

ზოგჯერ ისე გადიოდა დღეები, რომ ჩემი ბავშვობა არც ერთი წამით  მახსენდებოდა. ვისწავლე ფრანგული, გერმანული, იტალიური და ბერძნული, ლამაზი მკვდარი ენა. რაც  უფრო მეტს ვითვისებდი,მით მეტად მიცრუვდებოდა იმედი. კონკრეტული მოლოდინები არასდროს მქონია, მაგრამ თითქოს გადალახული დაბრკოლებები მეტად მაშორებდა სულიერ სიმშვიდეს, ლაღი ბუნებაც ჩაკვდა ჩემში. უკიდურესად მოვიწყინე და მოვუხშირე ლუკასთან ზარებს, დღისით და ღამით. ზოგჯერ მეშინოდა, იქნებ, არ მიპასუხოს,  ფათერაკებისკენ მიდრეკილი ბუნების გამო ვერ მიპასუხოს-მეთქი. მაგრამ მპასუხობდა, მშვიდად, ჩვეულებრივად, ჩურჩულებდა, დავმშვიდებულიყავი და რომ მალე, ძალიან მალე მოვიდოდა.

და მოდიოდა. ტირილისგან ჩაწითლებულ თვალებზე კოცნით, ჩახუტებით და დუმილით. რომც ნდომოდა რაიმეს თქმა, მხოლოდ მოტოციკლის ნაწილებზე შეეძლო. ამიტომ ეს ღამეები  ორ სხეულს ფიზიკურად კრავდა ერთად და თითქოს ეს აბსოლუტურად საკმარისი იყო არსებობის შესაგრძნობად და დუმილი, რომელსაც პიროვნული განსხვავება ქმნიდა მათ შორის, მათ არსებობაზე ნამდვილი იყო.

თუმცა არც მე შემეძლო ენის მობრუნება იმის სათქმელად, თუ რამ მაქცია ჭირვეულ გოგოდ. არც ერთჩ ი სიტყვა წამომცდენია გამუდმებულ ლოდინზე, რაშიც ჩემი ბავშვობა გაილია. ჩემი ცხოვრებისთვის შეიძლებოდა გვეწოდებინა “დედას ლოდინში” და კიდევ “ლოდინში, ტაკეოს…”, მაგრამ ახლა ვდუმდი, ტუჩებს კბილებით ვქაჩავდი, რომ საუბარი არ დამეწყო და უმწეო ბავშვივით არ ავღნავლებულიყავი.

ლუკასთან ცხოვრების გაგრძელებას ერქვა “ტაკეოს მერე”.

ლუკა იმით ჰგავდა ტაკეოს, რომ არ იცოდა, როგორ წაეკითხა Ἀρχαία Ἑλληνική.

ლუკა იმითაც ჰგავდა ტაკეოს, რომ უყვარდა ჩემი მოთხრობილი ამბები და წიგნები, რომლებსაც ვუკითხავდი და როგორც ვუკითხავდი.

და როცა გამბედაობა მეყო, ლუკას ამბავი მოვუყევი : ყველას ცხოვრებაში არსებობს ვიღაც, ვინც მას აყალიბებს ისეთად, როგორიც არის. ეს არის მნიშვნელოვანი ძვრა პიროვნების, მყიფე ნიადაგის გამკვრივება. ყველასაგან მიტოვებულ სახლში მცხოვრებ გოგონასაც ეწვია ერთ დღეს  “ვიღაც” და ქარები, რომლებიც უმინო ფანჯრებში დაქროდნენ, გააქრო. ქართამპყრობელს ერქვა ტაკეო, ალბათ, ტაკეო, ზუსტად არ მახსოვს და დევივით საშიში და უმწეო იყო. თავიდან რთული იყო გარკვევა, რა ხდებოდა. იყო უფრო შიში, დაკვირვება, ინტერესი, საღამოობით ფანჯრებთან დაცლილი კოკა-კოლის ქილები და დევის მიერ გადმოგდებული ერთი-ორი სიტყვა ძილის წინ, მაგრამ როცა დღეები ჩაიფურცლნენ, გოგონამ დევს საზარელი მკვლელობის ამბავი გაანდო, ამბავი დახოცილ ბაყაყებზე, მოსალოდნელ ჯოჯოხეთზე და მორჩა თუ არა სათქმელს, დევს სახეში მიაჩერდა, დევმა კი  პირი მოაღო და ახარხარდა. დევის ხარხარში გაილია შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული და დადგა ისევ ზაფხული. მაშინ გოგონა მიხვდა დევის ხარხარის მიზეზს და მკვლელობაზე ფიქრს შეეშვა და როცა  მეგობრის დაბადების დღეზე მიმავალი კაბაში გამოკვართული გოგონა შენიშნა ტაკეომ, ის უკვე გაზრდილი იყო და პირველად ტაკეოს ფანჯარასთან გაჩნდა კოკა-კოლის დაცლილი ქილები.

-როგორი იყო?,-ჰკითხა, როცა დაბრუნდა, მაგრამ გოგონამ მეტისმეტი დაღლილობის გამო ვერაფერი გაიგო, მერე ანთებული შუქი შენიშნა და  ვა, პრივეტ, ტაკეოო, უთხრა.

-პრივეტ, ბაყაყების მკვლელო ფერიავ,-ჩაიჩურჩულა ტაკეომ და საწოლზე გაიშხლართა.

ლუკა იმით ჰგავდა ტაკეოს, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან მომენტებში იძინებდა ხოლმე.

მე ორივეს, ლუკასაც და ტაკეოსაც, თვალებზე ვკოცნიდი.

ჩემი ცხოვრება წარულის ანარეკლი იყო და მცდელობა უკეთესი ცხოვრების, რომელიც არ გამომდიოდა.

მერე, როცა ლუკა და მე ფიზიკურად კილომეტრებმა გაგვყო, გაისმა ზარი. საავადმყოფოდან რეკავდა, მალე მოდი, მომენატრე, მოვიწყინე და ცოტა უფრო ადრე საჭე ვერ დავიმორჩილე და რაღაცას შევასკდიო.

არ მახსოვს კილომეტრები, რომლებიც დავფარე.

როცა გამოწერეს, ჩემთან მოვიყვანე და დამოუკიდებლად ვუვლიდი. თითქმის გამოჯანსაღებული იყო, როცა იმ ამბის გაგრძელება მთხოვა, დევსა და გოგონაზე.

ყავას მოვამზადებ და მოვალ-მეთქი, ვუთხარი. ბინდდებოდა, ფანჯრები შეღებული გვქონდა და საღამოს სიგრილე უვლიდა ოთახს. მე თხრობა განვაგრძე:

-იმ ღამის მერე ტაკეო გოგონას საუბარს ბოლომდე ისმენდა, მართალია, ახლაც ყველაფერი სისულელე ეგონა, მაგრამ არც ერთხელ შეუწყვეტინებია. ეტყოდა ხოლმე, ამ აბდა-უბდის თქმა მხოლოდ შენ თუ შეგეძლოო.

-იცი, ტაკეო, მთვარე, დედამიწის თანამგზავრი,  ჩემზე გამორჩეულად ახდენს ემოციურ გავლენას  და კიდევ კარგი, რომ ახლა ისეთი მდებარეობა უჭირავს, შემიძლია შენს დაუდევრობას მშვიდად შევხვდეო.

ტაკეო იღიმოდა, მერე ნაზად უსვამდა მანქანის ზედაპირს ხელს, მასში ხტებოდა და მიქროდა.სად, ეს გოგონამ არასდროს იცოდა.

ერთხელ ისე მოხდა, რომ გოგონას დედა შინ არ დაბრუნდა. დედის ლოდინი ორ დღემდე გაიწელა და მხოლოდ მერეღა გაისმა ზარის ხმა. თურმე ქალაქში სასწრაფო საქმე გამოსჩენია და ბოდიშს უხდის თავის პატარა, უმწეო გოგოს და ევედრება, აპატიოს, რომ ის თავიდან  ამოუფრინდა და თხოვს, თავს მიხედოს, სანამ დაბრუნდება. როდის დაბრუნდება, კაცმა არ იცის.

და მერე გოგონას ღრიალი შეძრავს მთელს ოთახს, სახლს და სოფელს, ტაკეოს გამოიყვანს გარეთ, გადაატარებს პატარა ეზოს, გააღებინებს ჯერ მისაღების კარებს, მერე საძინებლის და ატირებულ გოგონას რომ ნახავს, კარებთან გააქვავებს.

-არაფერი მჭირს, ტაკეო,-იტყვის გოგონა, როცა ტირილით გულს მოიოხებს.

ტაკეო სიტყვების ძებნას დაიწყებს და  ვერ იპოვის, მერე რაღაცა წიგნს აიღებს, რომელიც საწოლის გვერდით მდგარ პატარა მაგიდაზე იდება  და გაუფრთხილებლად დაიწყებს კითხვას:

-“ალაბამის პანსიონში გამგზავრებამდე და მთელი ბავშვური ცხოვრების ფლორიდაში დატოვებამდე ერთი კვირით ადრე, დედაჩემმა გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობა აიჩემა.”

გოგონა კედელსაა მიყდნობილი და დაბლა, ცივ და ნესტიან იატაკზე ზის.

გოგონა ფიქრობს, რომ თურმე ტაკეოს კითხვა შესძლებია. თუმცა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც კითხულობს. ეს წიგნი გოგონას საყვარელი წიგნია.

მერე გადის დრო და გოგონას ჩასთვლემს, მაგიდისა და კედლის მიერ შექმნილ კუთხეში ჩაეძინება. ტაკეო საწოლზე წამოაწვენს და წავა. იმ ღამეს ტაკეო შინ არ რჩება. ღამეს ყველაზე ქაჯ გოგონაში ატარებს. სად, ეს არავინ იცის.

მეორე ღამეს, როცა სიცივე, შიში და მარტოობა შეძრავს გოგოს,აიღებს წიგნს და ტაკეოსთან გაიქცევა.  გაუფრთხილებლად დაიწყებს კითხვას  მონაკვეთიდან, სადაც გუშინ შეჩერდა ტაკეო. ტაკეო, რომელიც მოდის გოგონას მუხლებთან და მასზე თავს დებს, იმის მუხლებზე, ვისი თითებიც ტაკეოს თმაში წრეებს ხაზავენ. ისმის სიტყვები: “როგორ უნდა გააღწიო ტანჯვის ლაბირინთიდან?”..

და როცა ტაკეოს ჩაეძინება, გოგონა გაიქცევა ცივ, მარტოსულ, საშიშ ოთახში ჩურჩულით: ძილი ნებისა, ტაკეო.

და როგორც გოგონა ტაკეოს თმაში ხლართავს თითებს, ასე ვაკეთებ მეც, ლუკას ჩემს კალთაში აქვს თავი ჩარგული და მისმენს.

მესამე და მეოთხე ღამესაც ასე უკითხავს გოგონა ამბავს და მერე გარბის, რომ ცივ ოთახში დაიძინოს.

მეხუთე დღეს კი, როცა ამბავი მთავრდება, თხრობა წყდება და რატომღაც არც ტაკეოს სძინავს და, რა ვიცი, დაბნეულად თუ როგორ, გოგონას ტუჩებს მისჩერებია, რომელიც ეს ესაა, მოძრაობას მორჩა, არავინ არსად არ მიდის, გოგონა რჩება ტაკეოსთან, მისი სახის წინ, მერე ამ კონტურებს საშლელი გადაუვლის, აიგლისება, ეს ყველაფერი მოხდება სიჩუმეში და ბაყაყების მკვლელ ფერიას ტაკეო ქალად გადააქცევს და დილამდე ის ტაკეოს სხეულზე იწვება, უფრო პატარა და თხელი კიდურებით ზევიდან იქნება მიხუტებული.

ჩემი და ლუკას კონტურებსაც გადაუვლის საშლელი და ოთახში მობორიალე უზარმაზარ სიჩუმეს ჩვენი თანაბარი სუნთქვა დაფარავს.

-იმ ამბავს გაგრძელება არ აქვს,- ვამბობ მეორე დილას.

ლუკა არაფერს მპასუხობს.

-ან მე არ მახსოვს. რაც ვიცოდი, გიამბე. მგონი, გოგონა დედას თავისთან მიჰყავს სამუდამოდ სადღაც, სადაც ამ დღეების განმავლობაში იყო და მგონი, მერე ეგ ტიპი კვდება. ეგ, ტაკეო,-  ვამბობ და სახლიდან გასასვლელად ვემზადები.

ლუკა არაფერს ამბობს. უბრალოდ, მიყურებს. ვიცი, რომ, როცა წავალ, ისიც ტაკეოსავით გააქროლებს, მაგრამ, ტაკეოსგან განსხვავებით, დაბრუნდება, რადგან მისთვის ბევრი წიგნი მაქვს წასაკითხი და უფრო მეტი ამბავი მოსაყოლი.

კიდევ იმიტომ, რომ უკეთეს ცხოვრებას ვცდილობ.

-საღამომდე, ლუკა,-ვამბობ, თვალებზე ვკოცნი და გავდივარ.

 

 

 

 

 

 

სათაურებს ვერასდროს ვარქმევ ხოლმე

ჩემს ქვეყანაში, ვისაც ვხედავ, ძირითადად ყველას ეშლება უკომპლექსოდ ყოფნა და თავხედობა ერთმანეთში. ერთია, როცა იაზრებ, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, პრობლემებით, მინუსებით, კომპლექსებით, ტანჯვებით, ბრძოლებით და ასე იხსნი იმ დაძაბულობას, რასაც ზოგადად იწვევს ხალხთან ურთიერთობა. მეორეა, რომ დაძაბულობას ანაცვლებ თავხედობით. ეს მანერებში, გამოხედვაში, საუბრის ტონში ვლინდება. ამაზე დიდი უგუნურება არ ვიცი. რეალურად, სიტუაციები იცვლება და თავისუფლად შეიძლება აგრძნობინო სიამაყით სავსე ადამიანს, რომ საერთოდაც არ არის სამყაროს ცენტრი. სუსტი წერტილი დაანახო და დააჭირო მტკივნეულად. სუსტი წერტილი ნამდვილად ექნება და არც ცოტა გამოფხიზლება აწყენს. „სტანდარტულ“ ბიჭებს და გოგონებს ახასიათებთ ხოლმე ეს, ვიზუალურად იგრძნობა ერთი შეხედვით.(სტანდარტულში იგულისხმება ყველა, ვინც განსხვავებულობის მტანჯველი სურვილითაა შეპყრობილი. ჯერ არ იციან, რომ ისედაც ცხადია ჩვენი განსხვავებულობა 🙂 თან ამას უკვე იმდენი ცდილობს, ყველა ერთნაირი გახდა ). საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად ვხედავ ხოლმე როგორ დგანან გოგონები და ქალურ-ეშხიან-მკაცრ-დამატყვევებელი მზერით უშორეს სივრცეებს გაჰყურებენ გონების თვალით და იმდენად უფრთხიან სხვებს, ნერვს არ იტოკებენ, ასე უძრავად დგანან ან სხედან და სხვა განზომილებას იქმნიან საკუთარი პიროვნების გარშემო, თითქოს ვინმე მათ ჯიბეში ჩასმას და სახლში წაყვანას აპირებდეს. ჰოდა, თუ უნებურად მიმოავლებს თვალს მზერას იქაურობას და ამ დროს მეც შევავლებ თვალს მის მოქმედებას, საწყის მდგომარეობას უბრუნდება დამნაშავესავით. ბოლო დროს ამაზე მეღიმება. არ არის პრობლემა, შეხედოთ ბიჭებს, გოგონებს, ქალებს, კაცებს. შეხედეთ და გაუღიმეთ, ან არ გაუღიმოთ.უბრალოდ, ეს არ არის პრობლემა. პრობლემა თქვენი საქციელია, რასაც ვერ ხედავთ.ძალიან სახალისოა ეს რკინის ქალობა(ან კაცობა). ძალიან დაძაბულია ეს ქვეყანა. აქამდე რადგან ამას ვერ ვერგებოდი, მაწუხებდა, თავს ვიტანჯავდი, მიჭირდა ხალხთან საუბარი. სულ ცოტა ხანია, რაც მივხვდი, რომ პირიქით, მე აბსოლუტურად ბუნებრივი ვარ ხალხთან და თუ რამე დაბრკოლება იქმნება ამის გამო, ეს მათი სტანდარტების ბრალია. მათ გონებაში ისევ ჩარჩოებია. ჰოდა, კარგი, რა. მე არ ვაპირებ თავაწეულად სიარულს და სხვა სივრცეებში ყურებას. მინდა, ცოტა ხანში ის მოვახერხო, რომ უცნობ ადამიანს გავუცინო უადგილოდ, ან დავეჭყანო. როგორც მომინდება.
.
არ მესმის ადამიანების, რომლებსაც მხოლოდ გართობა უნდათ. არ მესმის, როგორ შეიძლება ამ ცხოვრებაში იყო, იღვიძებდე, იძინებდე, დადიოდე და უბრალოდ გართობაზე მეტი არაფერი გინდოდეს.

.
სამყარო ძალიან საინტერესოა. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე. ვნანობ, რომ წლები იმის გარკვევას შევალიე, რომ ბედნიერება მსურს, ტანჯვებისგან შორს ყოფნა(თუმცა ფიქრიანი 🙂 ) არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან და ყოველგვარი სიძნელეების გარეშე მიდიან მიზნებისკენ, რომლებიც არც კი მოუძიებიათ თავიანთ სურვილებში, სულ იცოდნენ. მე დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ რაღაცებზე უარი მეთქვა. ახლა უკვე ვიცი, რას არ გავაკეთებ, რას გავაკეთებ და რატომ. პრიორიტეტები ჩამოვიყალიბე. ჰოდა, ბედნიერება რომელიც მინდა ნამდვილად პროცესია, რომელიც ყოველ დღე მოიტანს ცვლილებებს. მინდა, ყოველ დღე შევიცვალო.

 

უბრალოდ მინდოდა დამეწერა. მომავალშიც დავწერ როგორ ვიცვლები და რას ვფიქრობ. ახლა ვერც გავიხსენე ხეირიანად. არადა დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვთქვი, რომ რაღაც კონკრეტულ თემებზე მინდოდა მომეყოლა.ბოლოდროინდელი ჩემი ფიქრები ძველებურად სევდიანი არ არის და ეს მახარებს.

უნდა წავიდე და წმინდა მანუელი მოვამზადო საპრეზენტაციოდ და კიდევ ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი მიზანი მაქვს, პრეზენტაციაზე სულ რამდენიმე ადამიანს მაინც დავანახო, რომ ასტროლოგია მუშაობს, რომ ჩემი ეს განწყობაც, და „მე“ მთლიანად განსაზღვრულია და რომ მოუხედავად ამისა რაღაცების შეცვლა მაინც შეიძლება. რომ ჩვენ ძალიან დიდნი და ბევრისშმეძლენი ვართ.

თქვენ გეკითხებიან, როგორ შეიქმნა სამყარო და პასუხი არ გაქვთ.

და რატომღაც მაინც ყოველთვის ისე მოაწყობთ აქაურობას, თითქოს თქვენი შემოქმედების ნაყოფი იყოს, ზუსტად იცოდეთ.

თქვენ გიყვართ დავა, მაგრამ მთავარ კითხვაზე აუცილებლად იღიმით, რადგან პასუხი არ გაქვთ.

20180322_233340.jpg

.

არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე სწრაფად გაქრებოდა.

არც ის მეგონა, ამას ყველაფერს თუ დავარქმევდი.

თვალები დნებიან და სივდებიან, როგორც ღრმა წარსულში იცოდნენ.

ასე სწრაფად დატრიალდა და ასე სწრაფად მორჩა.

ტკივილები გვქმნიან და ამ ტკივილებზე ვაშენებთ მომავალს.

ფრთები უკვე დაჭრილი გვაქვს, რომ ოდესმე შევძლოთ გაფრენა.

ორშაბათს ადამიანებს თვალებში უნდა ჩავხედო.

წითელი თვალებით,

რომლებიც მუდმივად სადღაც იყურებიან.

გუშინ მინდოდა დამენგრია ოთახის კედლები.

დღესაც ეს მინდა.

ყელში პატარა დედამიწა გამეჩხირა, რომლიდანაც თითქოს გავედი, როცა ეს ამბავი ტრიალებდა.

ჩემი თავი არის ძალიან მძიმე და მე ისევ ისე ვგრძნობ.

ალბათ, მუსიკა მთავარია.

როცა სხვადასხვა მუსიკას უსმენენ, ყველაფერი სწრაფად ქრება.

დედამიწაც უფრო სწრაფად გეჩხირება კისერში.

რას ვფიქრობ შემოქმედებაზე

საერთოდ ამბობენ ეს ყოველგვარი ადამიანური საქმიანობის რეზულტატიაო. ადამიანი რადგან  ყველგან ვრცელდება,  შემოქმედებაც ყველაფერსაა მოდებული, სივრცეებს ითვისებს, გარდაქმნის ისე,რომ wallpaper-white-black-zombie-please-perhaps-colour-imagesმივიღოთ პრინციპულად ახალი რეალობა, ან ცოტაოდნავ სახეცვლილი, მაგრამ მაინც ახალი, რადგან ცოტაოდენი ცვლილებაც კი  სუბიექტური ხედვით არის ნასაზრდოები, ის კი უნიკალურია.

უცნაურია, რომ ახლის ქმნაზე ვლაპარაკობთ ისეთ სამყაროში, რომლის შექმნის პრინციპს, მიზანს, არსს ვერ  მივუხვდით. ალბათ არანაირი ახალი არ არსებობს. ეს იმ გონებისთვისაა უცხო, რომელიც რაღაცებს ხვდება ეტაპობრივად. ყველაფერი არის უკვე მოცემული და აღმოჩენა-აღმოჩენაში მიდიხარ ძირითად, უცვლელ პრინციპთან.( თუმცა თუკი ადამიანის მიერ რაღაცის უცილობლად დადგენას ითვალისწინებს სამყარო, როგორ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე ამ მაძიებელმა არსებამ დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ და არ გააგრძელოს ძიება?  ერთია, რომ მას შეიძლება ამის სურვილი უბრალოდ გაუქრეს, თუმცა მარადისობაში მოფარფატე ბედნიერი სულების არსებობა მაინც არ მომწონს). ზოგჯერ, როდესაც ფიქრობ, რომ გისოსებში ხარ მომწყვდეული, როდესაც გინდა მარტივად დასვა კითხვა იმაზე, თუ რა ხდება, რა დაგმართეს და მიიღო ასეთივე მარტივი პასუხი, ვთქვათ, ესა და ეს, ამიტომ და ამიტომ, მერე კედლისკენ იბრუნო პირი და ძილს მისცე თავი და ნაცვლად სურვილისა, ჯერ ამ კედლებს დააღწიო თავი, მერე ქუჩას, ქალაქს, ქვეყანას და საერთოდ ყველაფერს და ყველაფერს და ეს დახრჩობისმაგვარი შეგრძნებაც მოიშორო, შენ დგები და იწყებ თითების ჩხაკუნს ლეპტოპზე,წამისდროინდელი შეგრძნებების ,დედამიწის ამბების მოყოლას და ეს იმდენად სევდიანი სანახავია და ეს ისეთი სასაცილო ფაფხურია, რომ შეიძლება იტირო. შემოქმედება შეიძლება იყოს ყველაფერი,ადამიანის სურვილების სამყაროს ნებისმიერი სახის გამოვლენა, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს ჭეშმარიტებაზე. შემოქმედება გამოუვალი მდგომარეობის ასახვაა, გაურკვეველ სამყაროში არსებობაა გარკვეულობის პრეტენზიით, მწუხარე, მიუღებელი სცენების შემცვლელი იდეალური კადრების არსებობა გონებაში და გამოხატვა. რაღაც სასოწარკვეთისმაგვარია. ვერაფერს აკეთებ უფრო ნამდვილს, უფრო ხმაურიანს და სიტყვებს აკივლებ, ან მონასმებს, სულაც მთელი სხეულით ყვირი. ის არ შეიძლება გვინდოდეს რაღაცისთვის. ის უბრალოდ არსებობს,აუცილებლად უნდა გამოხატულიყო ადამიანის ამჟამინდელი მიმართება სამყაროსთან და ამიტომაც არსებობს. ის რომ არა, შეიძლება  ცეცხლი მთლიანად მოსდებოდა სხეულის შიგთავსს და დაეფერფლა უნარი, ემოციების სახეცვლილად გამოხატვის.

ემოციების გავლით რომ აზრი ჩნდება ადამიანის გონებაში, აბსურდია. მხოლოდ ემოციებია მთავარი აქ. იმის შეგრძნება, რომ მარტო არ ხარ, რომ მხოლოდ შენ არ გამოგკეტეს.

ზოგჯერ შექმნა უფრო ნათელია, ნაკლებად ემოციური და იმედიანი, რადგან ადამიანის შიგნით არსებობს მიიმართებათა ჭიდილი და როდესაც, ერთი მათგანი სიბნელისკენ გადაიხრება, მეორე ნათელი მხარეებისკენ მიდის და სწორედ ამ შინაარსით გამოიხატება შემოქმედების ნაყოფში.

უკვე მერამდენედ გეუბნები, ჰიუსტონ!

გუშინ ვუყურებდი მთვარეს, რომელსაც საშუალოდ 384 000 კმ. აშორებს დედამიწას. მთვარეზე პირველი ნაბიჯების დადგმის შემდეგ კიდევ ექვსი გაფრენა განხორციელდა (1969-1972). მას მერე იქ არავინ გაფრენილა. ცუდი მხედველობის გამო, თვალების დაძაბვა მიწევს, რომ მისი „სახის ნაკვთები“ ნათლად დავინახო. იმის დანახვაც კი არ შემიძლია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და თუკი ჩვენი თანამგზავრი ხელისშემწყობ მდგომარეობაშია, რომ ნერვები მოეშალოს ჩემი ფსიქოტიპის მქონე ადამიანს, მეც უპრობლემოდ ვიშლი ამის გამო.   ვუყურებ მთვარეს, რა თქმა უნდა, თვალების დაძაბვით და ჩემს რუკაზე მეფიქრება, სამყაროს გავლენებზე ჩემს თავში მცხოვრებ ასევე პატარა სამყაროზე. დაცემული მთვარე. პირველი სახლის მმართველი. რაღაცნაირად ხაზგასმული, გამოკვეთილი. მთვარე, რომელიც ასე მაყალიბებს, ამ თვისებებს მძენს, ნერვებს მაშლევინებს და დასაწყნარებლად კოლოსალურ ენერგიებს მთხოვს. მე კი ისიც არ ვიცი, რატომ შეწყვიტეს აპოლოს მისიები და საერთოდ რა ინფორმაციებს მალავს ნასა. რა ძალები არიან ჩემზე ზემოქმედ  მთვარეზე და როგორია რეალურად ის. ყოველგავრ პოეზიას მოშორებული, თავისთავადი, ჩვენი მგრძნობიარე მიმართებებისგან დაცლილი. ღმერთმა უწყის, რაზე წერდნენ პოეტები ლექსებს! როდის მოკეტავთ, პოეტებო?!

მოტყუებულად ვგრძნობ თავს. დატყვევებულად, სადღაც დახუთულ სივრცეში გამომწყვდეულად.

ზოგჯერ ვფიქრობ, ასე იმიტომ განვიცდი, რომ არაფერი გამიგია.

ნუთუ ისე უნდა მოვკვდე, რომ დედამიწის საზღვრებში ჩატეულ, მართალია, ლამაზ, მაგრამ მაინც ჩვენი პლანეტის ქვეყნებს ვერ გავცდე? უფრო გონებრივ გაცდენას ვგულისხმობ, რომ ვიცოდე არა ჩემი ადგილი დედამიწაზე, არამედ დედამიწელების ადგილი ამ გაურკვეველ სივრცეში.მინდოდა, რამდენიმე ათეული წლის მერე დავბადებულიყავი, როცა მეცნიერება უფრო მეტად იქნებოდა აზარტში შესული. მე კიდევ ახლა ვარ აქ.

მოშლილად ვგრძნობ თავს, ჰიუსტონ. მოტყუებულად. მარიონეტად და ყველაფრის ამ წამს გაგება მინდა.

პრობლემა მაქვს, ჰიუსტონ. არ შემიძლია გაურკვლობაში ვიცხოვრო ამდენ წელიწადს

და არც ის ვიცი, „მთვარეზე ფეხის დაუდგმელად“ როგორ იქნება წარმატებული ჩემი ცხოვრება.

უკვე მერამდენედ გეუბნები ამას, ჰიუსტონ.

ცოტაოდენი რამ ჩემს გულმიუკარებლობაზე

ვერ ვიტან ხმაურს. როცა რამდენიმე მჭახე ხმა  ერთდროულად ჩამესმის, ისტერიკა მეწყება.

.

ბებიაჩემმა, ალბათ, ამის გამო და კიდევ სხვა ბევრი დეტალის, სრულიად მშვიდი ხმით განაცხადა, რომ ნევროზი მაქვს.  ეს იმდენად წყნარად, იმდენად თავდაჯერებული ტონით იყო ნათქვამი, რომ სრულიად ჯანსაღი ნერვების მქონესაც ეჭვს შეატანინებდა საკუთარ თავში.

.

დედაჩემმა თქვა,  რომ არაფერი გამომივა, რადგან არდადეგებზე დღისით მძინავს, იმის ნაცვლად, რომ თეფშებს ვრეცხავდე. მე მაცივრის კარი მოვაჯახუნე. მერე სამზარეულოს. მერე მისაღების. ახლა აივანზე ვზივარ. ვცდილობ სადმე ვიპოვო სიმშვიდე.

.

ვერ ვიტან, როდესაც ყველაფერს ვაფუჭებ.  რომ ზღვარმოშლილი ვარ. რომ გრძნობა უფრო მართავს გონებას და იძულებულს მხდის ჩემს ცრემლებში ვიცურაო.

.

თუმცა დიდი ხანია, არ მიტირია. ვერც ამას ვიტან. ვერ ვიტან ემოციურ გაშეშებას, როცა აცნობიერებ, რომ ტრაკ გარემოში ხარ და უბრალოდ, ვერაფერს გრძნობ, ირთვები,  საითაც არ უნდა გაიქაჩო, როგორი გულისამაჩუყებელი სახე და ქცევაც არ შემოგეფეთოს ადამიანის, ემოციურად გამორთული ხარ.

.

ვერ ვიტან, როცა რაღაცაზე პასუხს მთხოვენ.

.

ვერ ვიტან, როცა გაცემული ემოციის სანაცვლოდ არაფერი არ მიბრუნდება. როცა ჩემი სიტყვების მერე სიჩუმე ისადგურებს. როცა მე წამოსვლაზე ჩამოვაგდებ სიტყვას და არავინ მეჭიდება ხელებზე.

.

ვერ ვიტან ამაყებს. არაფერია სამყაროში საამაყო.

.

ვერ ვიტან რაღაცაზე დახამებულებს. ინდივიდუალობას მოკლებულებს. უნარიან იმბეცილებს. თანამედროვე გამოთქმებში ჩაკარგულ სულელებს. სექსუალურ თავისუფლებაზე მოღაღადე ქალიშვილებს.

საქართველოს.

.

ვერ ვიტან, როცა მინდა, ეს სიტყვები ვინმეს ვუთხრა აქ დაწერის ნაცვლად. ვერ ვიტან, როცა ვიცი, რომ ჩემს გაჟღერებულ ფიქრებს ვერასდროს შეხვდება მსმენელისგან შესაბამისი გაგება.

 

Blog at WordPress.com.

Up ↑